ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუა გალის ციხიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ შეტყობინება ბრალდებულის ოჯახმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო.
ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა შიშობენ, რომ ის მძიმე დაავადებების გამო შესაძლოა გართულდეს. ოჯახი სახელმიწოფო უწყებებს სთხოვს, ირაკლი ბებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გუშინ დააკავეს.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.