საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ ფაქტს და ამ ფაქტზე ივანიშვილის რეჟიმის დუმილს, "გახარია საქართველოსთვის" სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
საუბარია ოკუპირებულ სოხუმში, მოსკოვიდან შესრულებულ პირველ საცდელ რეისზე, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება არ გამოხმაურებია:
"გუშინ რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2023 წელს 49 წლით უკანონოდ გადაეცა, რუსეთის პირველი საჰაერო ბორტი სატესტო რეჟიმში დაჯდა.
აღნიშნული ფაქტი, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ შელახვას, რაც ასევე არღვევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წესებს, რამდენადაც სოხუმის აეროპორტს ამ ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კოდი აღარ გააჩნია. შესაბამისად, დამატებით კითხვას აჩენს, სოხუმის აეროპორტისთვის ICAO-ს კოდების მინიჭება, რაც საქართველოს კოდით სარგებლობას არსებული სტატუს ქვოს ვითარებაში გამორიცხავს.
ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და მის ექსპლუატაციაში შეყვანას, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მტრად გამოაცხადა, ხოლო ოკუპანტი სახელმწიფოს ავიახაზების პირდაპირი ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად გულგრილად გაატარა, ისე რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
ამიტომ, მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს, სათანადო შეფასება მისცენ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს.
ასევე მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სათანადო შეფასება მისცენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტს." ნათქვამია განცხადებაში.