შვილის გატაცების მცდელობა, მუქარის წერილები და მოსყიდვა - ე.წ. კაბელების საქმის ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი 10 წლის წინ, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ივანიშვილის რეჟიმი ფარცხალაძისა და სისტემის სხვა მსახურების პირით, ჯუღელისგან სასურველ გადაწყვეტილებას ითხოვდა.
ჯუღელი და უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძესა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესაც ასახელებს:
"ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა, ზოგჯერ თხოვნის, ზოგჯერ მუქარის და მოსყიდვის სახით იყო, რომ ის გადაწყვეტილება მიგვეღო, რაც პროკურატურისთვის სასურველი იყო. იყო შემოთავაზება ფულადი სახითაც, ამავდროულად, ვადა მიმთავრდებოდა და დანიშვნაზე პირდაპირ უზენაეს სასამართლოში, უვადოდ განმწესება და სხვა სახის ბენეფიტი, რისი სურვილიც კი გამაჩნდა...
ფარცხალაძე არც სასამართლოს წარმოადგენდა, არც სასამართლოს, გესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის სახელით. თხოვნის შემდეგ, იყო პირდაპირი მუქარაც, რომ მოხდებოდა დაკავება, შემდგომი მუქარები- წერილები ჩემი მეუღლის მეილზე, მანქანის საქარე მინაშიც გვხდებოდა და ბოლო იყო ბავშვის გაყვანის მცდელობა სკოლიდან" ამბობს ჯუღელი.
შეგახსენებთ, "კაბელების საქმეზე" სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში, ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.