"ძირითადი მონაწილე არის 2 მამაკაცი..." | ბაჩიაშვილის საქმეზე გამოკითხეს ექსპერტი, რომელმაც ჩანაწერში ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო

გამოქვეყნდა:

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც აუდიოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო და დაასკვნა, რომ ჩანაწერი გაყალბებულია. სასამართლო სხდომიდან გამოსული ასმათ მატუშევსკაია დეტალებზე აღარ საუბრობს და ამბობს რომ მხარეების ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. 

მატუშევსკაია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტია და როგორც წინა სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, მისი ხელმოწერით, ბაჩიაშვილის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი - გაყალბებულად გამოცხადდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეინიშნება მონტაჟის კვალი.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით კი, აღნიშნული აუდიოჩანაწერი ექსპერტიზაზე გერმანიაშიცაა გაგზავნილი იმის დასადგენად, რომ ის ავთენტურია.  

მატუშევსკაიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რის საფუძველზე გამოაცხადა ჩანაწერი დამონტაჟებულად:

"მოვუსმინე თავიდან ბოლომდე არაერთგზის და რამდენიმე ინფორმაცია მივიღე პირველადი ანალიზის შედეგად, რომ გარკვეული ინტონაციური ცვლილებები იყო, ალოგიკურად გარკვეული იმპულსები, რაც ექსპერტის ყურით შეუსაბამოდ მომეჩვენა. კარგი იქნება თუ იმ მოწყობილობის  წარმოდგენა იქნება შესაძლებელი , რომლითაც დამზადდა თავდაპირველად პირველი ჩანაწერი. თვითონ ფაილიც ატარებს ძალიან ბევრ ინფორმაციას. თუნდაც შეიძლება ის ინფორმაციაც კი მოგვცეს, რა ჩამწერი მოწყობილობით იქნა დამზადებული...

ძირითადი მონაწილე არის 2 მამაკაცი, თუმცა ერთ მონაკვეთზე ისმის გაურკვეველი ხმა და იმ მონაკვეთებშიც, როდესაც ხმების გადაფარვაა , შეუძლებელია გარკვევა, ორი პირი საუბრობს თუ მეტი. ამიტომ, ესე ვერ დავაკონკრეტებდი. ძირითადად 2 პირი საუბრობს." აღნიშნა მატუშევსკაიამ სასამართლო პროცესზე

მატუშევსკაია ვერ პასუხობს შეკითხვას, რა მოწყობილობით ჩაიწერა ბაჩიაშვილმა ივანიშვილთან საუბარი  - "ამდენი ჩარევს კვალი როდესაც არის , შეუძლებელია პასუხის გაცემა" - ამბობს ექსპერტი . 

შეგახსენებთ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ჩვენება დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთმა მოწმემ, სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამაც მისცა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი