ივანიშვილი-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ოლიგარქს არა ინვესტიციას, არამედ "ქართუდან" სესხს სთხოვს. ჩანაწერი "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა და მასში ისმის, როგორ უხსნის ბაჩიაშვილი ივანიშვილს, რომ მისთვის სესხის მიცემა ბანკისთვის სარისკო არ იქნება. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ჩანაწერი 2015 წლის 30 ივლისით თარიღდება.
შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა სურს, მილიონნახევარი პირადად აქვს, ბანკიდან კი 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ივანიშვილს ის დეტალურად უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი მილიონ ნახევრიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს.
ივანიშვილმა კი, რომელიც ახლა ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილისთვის სესხი არ მიუცია და მასთან ბიზნესის წილში შევიდა, ბოლომდე ისიც არ იცის, რას ყიდულობს ბაჩიაშვილი და საერთოდ რა არის კრიპტოვალუტის ბიზნესი. თუმცა, როგორც კი იგებს, რომ ბიზნესს დღეში 200 მილიონის ბრუნვა აქვს, ბაჩიაშვილს მაშინვე ეუბნება რომ მისი ბანკის მმართველს ნატო ხაინდრავას კარგად აუხსნას, რისთვის სჭირდება ფული - "ეგეთი ბრუნვა აქვს დღეში? 200 მილიონი? ეგ უკვე სერიოზული კომპანიაა" - ისმის ივანიშვილის ხმა.
"ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს, შესაბამისად, რისკს იზიარებს იგივეს" - ამბობს ამავე ჩანაწერში ივანიშვილი. ამით კი ის მოგებზეც და წაგებაზეც პასუხისმგებლობას ბაჩიაშვილს აკისრებს.
ამავე ჩანაწერის მიხედვით, ბაჩიაშვილი ოლიგარქს სთავაზობს, რომ მზადაა სესხი დოლარში წლიურ 15%-დაც კი აიღოს, რასაც ივანიშვილი თანხმდება.
ივანიშვილის და ბაჩიაშვილის საუბრის შემდეგ, 2015 წლის 30 ივლისს, "ქართუ" ბაჩიაშვილზე სესხს გასცემს. დოკუმენტს ხელს, ნატო ხაინდრავა - ბანკის მმართველი და დავით მათიკაშვილი აწერენ.
შეგახსენებთ, საჩივარში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პროკურატურაში 2023 წლის 23 მარტს შეიტანა, ის ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა მას კრიპტოვალუტის ბიზნესში ფულის ჩადება და პარტნიორობა შესთავაზა. ის ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებასა და ფულის გათეთრებას ედავება.
აუდიოჩანაწერი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გაყალბებულად გამოაცხადა. ექსპერტი ამტკიცებს, რომ მასზე ზემოქმედების კვალი შეინიშნება. საწინააღმდეგოა გერმანული დასკვნა. იქაურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ივანიშვილ-ბაჩიაშვილის ჩანაწერში მონტაჟის კვალი არაა და ის ავთენტურია.