გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
"არჩევნების შედეგი მწარეა სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, ეს დამარცხებაა,მეც ვარ პასუხისმგებელი ამ არჩევნების შედეგებზე."" - განაცხადა შოლცმა მხარდაჭერებისადმი მიმართვის დროს. ამასთან, ოლაფ შოლცმა CDU/CSU ბლოკის ლიდერს ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ულტრამემარჯვენეებს ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მიეცეთ.
თავის მხრივ CDU-ს შტაბ-ბინაში თანაპარტიელებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა.
"ჩვენ, CDU/CSU ბლოკმა გავიმარჯვეთ ამ ფედერალურ არჩევნებში", - განაცხადა მერცმა და აღნიშნა რომ "აცნობიერებს პასუხისმგებლობას", რომელიც მას ახლა ახალი მთავრობის სწრაფად ჩამოყალიბებაზე ეკისრება.
"ჩვენ - CDU-მ და CSU-მ - გავიმარჯვეთ ბუნდესტაგის არჩევნებში. მადლობა ნდობისთვის, რომელიც ჩვენ და მე გამომიცხადეთ. ამ კონტექსტში, მინდა პატივისცემის სიტყვები ვუთხრა ჩვენს პოლიტიკურ კონკურენტებს. ახლა ჩვენ სწრაფად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო მანდატს, რადგან მსოფლიო არ დაგველოდება. არც ხანგრძლივი კოალიციური მოლაპარაკებების ლოდინის დროა. ახლა ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ ჩვენი მოქმედების უნარი." - დაწერა მერცმა X-ზე.
იხილეთ ასევე