დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატმა, ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
"წინასწარი შედეგები ყველამ იცით, ეს შედეგი არის ნდობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიჩინეს ჩვენი გუნდის მიმართ და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის ხმის შედეგი. ეს არ არის ბადრა გუნბას და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება, ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა მან.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "პრეზიდენტობისთვის" ორი კანდიდატი იბრძოდა - ადგურ არძინბა, ["პირველ ტურში" 36,92% აიღო] და ბადრა გუნბა [პირველ ტურში"46,38%].
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია "არჩევნების ოფიციალურ შედეგებს" უახლოეს სამ დღეში გამოაცხადებს.
ე.წ. არჩევნების დროს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მომხდარში ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.