კრემლი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ისევ აქებს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზებით კმაყოფილია. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის თქმით, "თუ ამერიკა შეაჩერებს სამხედრო დახმარებას - ეს იქნება ალბათ, საუკეთესო წვლილი მშვიდობის საქმეში".
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლი აშშ-ის პრეზიდენტს აქებს. მანამდე, როცა 28 თებერვალს, ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და უკრაინელმა ლიდერმა თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა, მომხდარს რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და ტრამპი შეაქო. აღსანიშნავია, რომ მაშინ მედვედევმა თქვა: "უნდა შეუჩერონ სამხედრო დახმარება ნაცისტურ მანქანას".
დღეს, CNN-მა თეთრ სახლზე დაყრდნობით დაწერა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება დაუპაუზა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად 28 თებერვალს ჩავიდა. ოვალურ კაბინეტში მედიის თანდასწრებით შეხვედრისას ტრამპსა და ზელენსკის შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მათ იკამათეს, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. არ ჩატარდა არც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, გაუქმდა შემდგომი ერთობლივი პრესკონფერენცია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დასავლურმა სამყარომ აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა - ევროპელმა და მათ შორის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ტრამპი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელია, ის პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და ამერიკელებს ტრამპის საქციელის გამო უნდა რცხვენოდეთ.