ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა.
"ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება - კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში.
მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) - 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი. მთელი ძალით წავწევთ წინ REARM Europe-ის გეგმას. მის უკან მდგომი იდეაა: ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. [ipn.ge]
ცნობისთვის, "ევროპის გადაიარაღების" გეგმა არის 5-პუნქტიანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.