რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინასთან ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენისთვის საჭირო მოთხოვნების სია გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გაურკვეველია კონკრეტულად რა მოთხოვნები შეიტანა მოსკოვმა სიაში და არის თუ არა მზად ჩაერთოს კიევთან მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე. წყაროების ცნობით, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები ბოლო სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ პირობებს, როგორც პირად საუბრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში.
გამოცემა წერს, რომ წყაროების თქმით, კრემლის პირობები ემთხვევა მანამდე უკრაინის, შეერთებული შტატებისა და NATO-სთვის წაყენებულ პირობებს. ადრეული პირობები მოიცავდა კიევის NATO-ში გაწევრიანებაზე და უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე უარის თქმას, ასევე ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყირიმისა და ოთხი უკრაინული ოლქის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.
თუმცა, კრემლი მოთხოვნების სიის აშშ-სთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციას Tass-ი, კრემლის პრესსპიკერზე, დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, პესკოვმა დაადასტურა, რომ ამერიკის დელეგაცია რუსეთში გაემგზავრება.
"ნამდვილად, მომლაპარაკებლები მოფრინავენ რუსეთში და კონტაქტები დაგეგმილია. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მერე მოგიყვებით", - თქვა პესკოვმა.
მანამდე, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც უკრაინამ აშშ-ის დელეგაციის ინიციატივა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო.
ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან 30-დღიან ზავის შესახებ თანხმობას ელოდება.