"ღრმა კრიზისი, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების გარეშე" | ჩეხეთის რეზოლუცია

გამოქვეყნდა:

"საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საკონსტიტუციო და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც უსამართლო არჩევნებს, მზარდ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევას მოჰყვა", - ასე ჰქვია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.

"ამ არჩევნებს არ მოუგვარებია პრობლემა, რადგან ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ. ხოლო, მათ, ვინც მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ფარული არჩევანი გაეკეთებინათ, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო ზეწოლა და დაშინება," - წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა: "დაამტკიცა უკანონო პარლამენტი, დეპუტატები და ასევე, გამართა საპრეზიდენტო არჩევნები, რამაც პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისში გადაზარდა".

დოკუმენტში ასევე საუბარია არალეგიტიმური პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, სადაც მან საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ისაუბრა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ეს "ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებისა და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაა.

რეზოლუცია გმობს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებსა და ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ასევე მოითხოვოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამასთან ერთად, კომიტეტი პარლამენტს მოუწოდებს, რომ სესიაზე, რომელზეც აღნიშნული რეზოლუცია დამტკიცდება, მიწვეული იყოს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული კრიზისი ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გარეშე.

"საქართველო დაშორდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნებაყოფლობით იკისრა როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა სახელმწიფომ. ღრმა კრიზისი, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისა და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ვინც საპროტესტო გამოსვლების მიმართ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას," - წერია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი