უკრაინის პრეზიდენტმა, საუდის არაბეთში გამართული ამერიკულ-უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებების თაობაზე დეტალური ანგარიში მოისმინა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, უკრაინა მოწოდებულია სწრაფად გადადგას ნაბიჯები მშვიდობისაკენ და მზად არის წვლილი შეიტანოს საიმედო და ღირსეული მშვიდობისთვის. ზელენსკი მიესალმება რომ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრამ კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მადლობას იხდის ამერიკული სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების განახლებისთვის.
"ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს აცნობეს უკრაინის პრინციპული პოზიციები. უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე. უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას. ასეთი ცეცხლის შეწყვეტის კონტროლი რჩება მნიშვნელოვან საკითხად და ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მზადყოფნას მოაწყოს ასეთი კონტროლის ტექნიკური ასპექტები.
განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები.
სამწუხაროდ, უკვე ერთ დღეზე მეტია, მსოფლიოს ჯერ არ მოუსმენია რუსეთისგან მნიშვნელოვანი პასუხი შეთავაზებულ წინადადებებზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი.
ჩვენი გუნდი მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული მუშაობა ყველა პარტნიორთან ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში" წერს ზელენსკი და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის მასპინძლობისთვის.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე. რუსეთის ოფიციალური პასუხი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა, საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის.