საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის.
უშაკოვის მტკიცებით, "რუსეთი საკითხის გრძელვადიანი მოგვარებით არის დაინტერესებული".
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი - საკითხის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მოგვარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებს, ჩვენ ცნობილ შეშფოთებებს. რაღაც ნაბიჯები, რომელიც მშვიდობიანი მოქმედებების იმიტაციაა, არავის სჭირდება ამ სიტუაციაში", - თქვა უშაკოვმა სახელისუფლებო არხის "Россия-1"-ის ეთერში.
უშაკოვის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას, მაიკლ უოლცს რუსეთის პოზიცია გააცნო.
"მე, რა თქმა უნდა, გავაკეთე კომენტარი ამ დროებით ზავზე, დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკრაინული სამხედროებისთვის დროებითი შესვენება", - აღნიშნა უშაკოვმა.
მანამდე, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც უკრაინამ აშშ-ის დელეგაციის ინიციატივა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო.
ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან 30-დღიან ზავის შესახებ თანხმობას ელოდება.