სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შაბათს, 15 მარტს, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს. აქციის დროს, 56 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 22 პირი.
აქციის ფონზე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პოლიცია შეაქო და განაცხადა, რომ ის ამაყობს იმით, რომ "მშვიდობის შენარჩუნება შეძლეს".
ალექსანდრ ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს. ამასთან, მისივე თქმით, მან "გაიგო" მომიტინგეების გზავნილი და თქვა: "ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარი თავი".
"შანტაჟს არ ვემორჩილები. მე არ დავუშვებ, რომ ქუჩამ საშინელი მომავალი მოუწყოს ამ ქვეყანას," - განაცხადა ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე მასშტაბური პროტესტის წინ.
ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიები "კრიმინალური კარტელის" წევრებად მოიხსენია და "თაღლითური დროებითი მთავრობის" ჩამოყალიბების მცდელობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ყოველდღიური აქციები სერბეთში გასული წლის ნოემბრის შემდეგ იმართება. პროტესტის მიზეზი რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვა გახდა. მოსახლეობა ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას პირადად პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს აკისრებს. სერბები თვლიან, რომ მომხდარი ტრაგედია ვუჩიჩის პარტიის პოლიტიკისა და მმართველობის შედეგია.
მასშტაბური პროტესტის შედეგად, იანვარში გადადგომის შესახებ განაცხადა პრემიერმინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა, თუმცა მისი განცხადება ჯერ კიდევ არაა რატიფიცირებული ეროვნული ასამბლეის მხრიდან, შესაბამისად, ის ამ დრომდე პოსტზე რჩება.
რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევისთვის სერბეთის პროკურატურამ სულ მცირე 13 ადამიანს წაუყენა ბრალი.