თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, "მშვიდობისკენ მოძრაობა" ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება.
"პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა დღეს უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს ხანგრძლივი მშვიდობით.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სისხლი და საგანძური, რომელსაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესია, თავიანთი ხალხის საჭიროებებზე დახარჯონ.
ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე, ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთის შესახებ, როგორც პოტენციური თანამშრომლობის, ისე მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა... ორი ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასოდეს უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ გაანადგუროს ისრაელი.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობის მომავალს უდიდესი დადებითი მხარე აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებს და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიიღწევა", - წერს თეთრი სახლი.
მანამდე გავრცელდა კრემლის განცხადება, რომ სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ. მათივე თქმით, შესაბამისი ბრძანება პუტინმა რუს სამხედროებს უკვე მისცა.