რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრება. ოკუპანტი ქვეყანა პროპაგანდისტულად ამტკიცებს, რომ უკრაინას არ შეუწყვეტია რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმები, რის გამოც, „რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას, სიმეტრიული პასუხი გასცეს უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს" - განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
„რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმით კიევი ავლენს მოლაპარაკების სრულ უუნარობას და მშვიდობის სურვილის ნაკლებობას“, - აცხადებს ლავროვის სამინისტრო.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ უკვე გააკეთა კომენტარი ამ განცხადებებზე და განმარტა, რომ რუსებმა თავად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა და ახლა ცდილობენ უკრაინის დადანაშაულებას.
„რუსეთმა თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა, მან მოატყუა ტრამპი, მაგრამ ცდილობს დაადანაშაულოს უკრაინა და ეს გაასაღოს დარტყმების გაგრძელების ნებართვად, რომელიც რუსეთს ისედაც არ შეუწყვეტია და აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ზიანის მიყენებას“, - აღნიშნა კოვალენკომ.
შეგახსენებთ, 18 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების დროს კრემლმა გამოაცხადა, რომ მიღწეული იყო შეთანხმება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ.
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამ ნაბიჯს - "ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ნაბიჯები აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების შესაძლებლობის შესაქმნელად", - განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, რუსულ არმიას ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები არ შეუწყვეტია. 21 მარტის ღამეს, მასიური დაბომბვის სამიზნე გახდა ოდესა, რასაც ხანძრები და ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.
ასევე, დაიბომბა კურსკის ოლქის სუჯას გაზის სადგური. როგორც უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რუსეთმა ამ ტერიტორიაზე იერიში თავადვე მიიტანა იმისთვის, რომ შემდეგ უკრაინა დაედანაშაულებინა.