რუსული მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო.
რუსეთის დელეგაციას გრიგორი კარასინი და ФСБ-ს დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა ხელმძღვანელობს.
შეხვედრის დაწყების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია Al Arabiya-მაც გაავრცელა.
რაც შეეხება ამერიკულ მხარეს - მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ ენდრიუ პიკი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი დირექტორი და მაიკლ ანტონი, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მიზანია შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.
ერ რიადში გუშინ, 23 მარტს მოლაპარაკებები გაიმართა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დისკუსია იყო პროდუქტიული და ფოკუსირებული.