თურქეთში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 1 133 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს 123 პოლიციელი დაშავდა და დასძინა, რომ მთავრობა არ დაუშვებს "ქუჩების ტერორიზაციას".
დაკავებულ 1 133 ადამიანს შორის 9 ჟურნალისტია.
თურქეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სტამბოლის მერის და ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გასაპროტესტებლად ასეულობით ათასი მოქალაქე თურქეთის სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავს.
აქტივისტები მარშებს მართავენ სტამბულში, ანტალიაში, იზმირსა და ანკარაში და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად, გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას "დაცინვა" უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.