"არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად... არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში" | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისაში" "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მიიჩნევს და მასში მონაწილეობას არ აპირებს. 

ბადრი ჯაფარიძეს დღეს 14:00-დან 16:00 საათამდე "საგამოძიებო კომისიაში" გამოცხადებისთვის დრო მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ გადაწყდება გადაეცემა თუ არა მისი საქმე ოლიგარქის პროკურატურას. 

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.

მსურს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად!

მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.

ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!

მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.

ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.

ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა," - წერს ბადრი ჯაფარიძე.

მანამდე არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისიაში" "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. "საგამოძიებო კომისია" "გამოუცხადებლობის გამო", მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი