შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" მოთხოვნა დააკმაყოფილა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას თავად "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
სასამართლოს განჩინების თანახმად, USAGM-ის მიერ "რადიო თავისუფლებისათვის" საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.
ამასთან, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ფედერალური მოსამართლე USAGM-ის მხარეს მოუსმენს, ხოლო 28 მარტს "რადიო თავისუფლების".
მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა "რადიო თავისუფლების" მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, ორგანიზაციას სრულად გადასცეს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), "რადიო თავისუფლებისთვის" გრანტის ნაწილის გამოყოფას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, "ამერიკის ხმის" თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყდა.