"პოლიციის მიერ დაკავებულების იძულებით გაშიშვლება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება და მათ დამცირებას და დასჯას ისახავს მიზნად" | SJC

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ელენე ხოშტარიას მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დაკავებულების იძულებით გაშიშვლება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.

მათი თქმით, პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს პოლიცია დამამცირებლად ეპყრობა. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, სოციალურ ქსელებში არაერთმა აქტივისტმა დაწერა, რომ იზოლატორში შესახლებისას, სახლში ჩატარებული ან პირადი ჩხრეკისას მათ პოლიციის თანამშრომლები გაშიშვლებას აიძულებდნენ, სხვაგვარად ძალადობდნენ მათზე ან უზღუდავდნენ კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა უფლებას.

პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია. დაკავებულის პირადი დათვალიერებისას მისი სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) მიიჩნევს, რომ პირადი დათვალიერება ხშირად მატრავმირებელია და შესაძლოა, გადაიზარდოს არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაში მსგავსი განზრახვის არსებობის გარეშეც, თუ ის სათანადო წესით დაცვით არ არის ჩატარებული. აუცილებელია, რომ ჩხრეკისას პირის მიმართ მოპყრობა იყოს ჰუმანური და არ არღვევდეს მის თანდაყოლილ ღირსებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის გაშიშვლება ჩხრეკისას დაუშვებელია შესაბამისი საფუძვლების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ქმედება ხორციელდება არასათანადოდ ან უმიზეზოდ (მაგალითად, სახეზე არ არის მსგავსი ჩხრეკის ჩასატარებლად აუცილებელი საფრთხე ან საგამოძიებო ღირებულება), ის გაუტოლდება არასათანადო მოპყრობას ან ზოგიერთ შემთხვევაში, წამებას. ამასთან, პირის გაშიშვლება, ჩხრეკის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვაგვარი დათვალიერებით შეუძლებელია მიზნის მიღწევა.

პოლიციის მიერ იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის გაგრძელება სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. აქტივისტების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაქვემდებარება წახალისებულია იმ უწყებების, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მიერაც, რომლებსაც დღემდე არ გამოუძიებიათ სამართალდამცავების მხრიდან აქციაზე დაკავებული პირების  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როგორც დაკავებული, ისე ზოგადად შეკრების მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა სამართალდამცავ უწყებებში გაზრდილია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დღეს, პოლიციის სისტემა სრულად არის მოწყვეტილი კანონის უზენაესობის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებსა და პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ რეპრესიულ და სადამსჯელო აპარატად იქცა", - ნათქვამია განცხადებაში.

ელენე ხოშტარია 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია. პოლიტიკოსი გვიან ღამით გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი