ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა. ტარიფები დღეს, დღის ბოლოდან ამოქმედდება. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ადასტურებს.
როგორც ლევიტმა აღნიშნა, ჩინეთისთვის ტარიფების გაზრდა უკავშირდება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-თვის საპასუხო ტარიფების დაწესებაზე - თავდაპირველად აშშ-მა ჩინეთს 54%-იანი ტარიფები დაუწესა, თუმცა საპასუხო გადასახადების გამო, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ტარიფები კიდევ 50%-ით გაეზარდა.
კეროლაინ ლევიტის თქმით, თუ ჩინეთი ვაშინგტონს დაუკავშირდება, ტრამპი იქნება "არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი", მაგრამ იმუშავებს ამერიკის ინტერესებისთვის. მისივე განცხადებით, მხოლოდ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს ტარიფების განაკვეთების შემცირება.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. მოგვიანებით ჩინეთმა ამერიკას საპასუხო 34%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების დაწესებაზე უარს არ იტყოდა, ბეიჯინგის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს დააწესებდა.