ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 89 დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციის მიხედვით, "ქართული ოცნების" "დემოკრატიული უკუსვლა" - "ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი ასამბლეის სესიას სამომავლოდ დაესწრებიან. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა "დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა".
"რაც შეეხება [PACE-ს] მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას - ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ძირითადი პუნქტები:
- ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით გრძელდება. ასამბლეა აღნიშნავს, რომ სასამართლოები კვლავ აგრძელებენ წინასწარი პატიმრობის ვადის განახლებას, ერთი შეხედვით საეჭვო სამართლებრივი საფუძვლით, რაც ხაზს უსვამს წინა რეზოლუციებში უკვე გამოთქმული შეშფოთების გაგრძელებას. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებით და მათი აქტივების გაყინვით, რომლებიც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმების და შემოსავლის დაკარგვის ხარჯებს დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული ან გათავისუფლებული პირებისთვის. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და რეკომენდაციას უწევს CPT-ს, ეწვიოს მათი დაკავების ადგილებს.
- მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკის შესახებ შეტყობინებების შემცირებას, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე ეფექტურად არ არის გამოძიებული, რაც იწვევს დაუსჯელობის კლიმატს.
- ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის მიღებით. ეს კანონი დამანგრეველ გავლენას მოახდენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონთან დაკავშირებით მის მომავალ დასკვნაში.
- ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, შექმნას ფართო უფლებამოსილებების მქონე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ["ნაციონალური მოძრაობის (ენმ)] რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლებში საქმიანობის შესახებ", რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა და მოიცავს 2013 წლიდან დღემდე პერიოდს. ასამბლეა შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს ენმ-ის ყოფილ წევრებს, ასევე სხვა პირებს, რომლებმაც უარი თქვეს ამ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე. ამ კონტექსტში ასამბლეა განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის მიერ "კოლექტიური ენმ"-ის აკრძალვის განზრახვით და ისეთი კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც კრძალავს პარტიებს. მაშინაც კი, თუ [კანონი] ჯერ არ არის მიღებული, მხოლოდ ასეთი ქმედების საფრთხე უკვე აღრმავებს ქვეყანაში პოლიტიკურ განხეთქილებას და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია 29 იანვარს მიიღო, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდა 2025 წლის აპრილის სესიამდე გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები.
რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. განცხადება მაშინ თეა წულუკიანმა გააკეთა და თქვა, რომ დელეგაციის წევრები მუშაობას "უსამართლო დამოკიდებულების შეცვლისა და შანტაჟის დასრულების შემდეგ გააგრძელებდნენ".
ასევე დღეს, ასამბლეამ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გამართა.