გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [რამშტაინის] შედეგები ასეთია:
- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას 21 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება დაჰპირდნენ. მისივე თქმით, 2025 წელი უკრაინაში ომის კრიტიკული მომენტი იქნება და კიევის მოკავშირეებმა და მათმა თავდაცვის ინდუსტრიებმა მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ.
- კერძოდ, დიდი ბრიტანეთი წელს 4.5 მილიარდ ფუნტს (დაახლოებით 5.3 მილიარდ ევროს) გამოყოფს. ჰილის თქმით, ეს რეკორდული რაოდენობაა.
- გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას 2029 წლისთვის 11 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, უკვე დაპირებული თანხების გარდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ ევროპა კიევის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში აშშ-სგან ლიდერობას იღებს.
თუმცა, უმეროვმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ კიევის „მთავარი პარტნიორია“, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი პიტერ ჰეგსეტი პირადად არ მონაწილეობდა სამიტში. ჰეგსეტი შეხვედრას ონლაინ ფორმატში ჩაერთო.