რეგიონში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, თუ რამდენად კანონიერად აქვს დაკავებული აზერბაიჯანს დავით-გარეჯას მიმდებარე ტერიტორიები - ოღონდაც ხელისუფლება არ დაკარგოს და ბიძინა ივანიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლას მთელი ქვეყანა გადააყოლოს.
პირველად იყო სიტყვა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა, რომელსაც მეზობელ ქვეყანაში ჯერ ვნებათაღელვა, შემდეგ კი სახელმწიფო საზღვრის გამაგრებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე: ბერებს, მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილება შეეზღუდათ. აკრძალვებს სამღვდელოების მაღალი იერარქების აღშფოთება მოჰყვა.
ბერების მოწოდებებზე ერის რეაქციამაც არ დააყოვნა: წითელ ხიდთან რამდენიმე საათით გზა გადაიკეტა, დავით-გარეჯის ქედზე კი ცოცხალი ჯაჭვი გაევლო.
მერე თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლის გავლებაზე მსჯელობა, მღვდელმთავრებისა და პოლიტიკოსების ნაცვლად, კვლავ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის პრეროგატივად იქცა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დავით-გარეჯის საკითხზე "ოცნების" მთავრობის რამდენიმე თვიანი გარინდება იმ ქარიშხლის წინაპირობა უნდა გამხდარიყო, რომელიც ზუსტად არჩევნების წინ ამოვარდებოდა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს წალეკდა. ჩანაფიქრი ჩაფლავდა.
ქვეყნის მთავარი არხის, გენერალური დირექტორის მიერ, გასულ კვირას საკუთარ საავტორო გადაცემაში დასმულმა ამ მთავარმა აქცენტმა, საქართველოს პროკურატურა აიძულა მალულად მიმდინარე საგამოძიებო პროცესი საჯარო გაეხადა.
სამშაბათს, ძალოვანი უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამოჩნდა განცხადება, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. ამ განცხადებას პროკურატურამ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებიც მიაყოლა და სადელიმიტაციო-სადაემარკაციო კომისიის წევრების სახლებში ჯერ ჩხრეკა ჩაატარა შემდეგ მათი ნაწილი დაკითხვებზეც დაიბარა.
პროკურატურის განცხადება, გამოძიების დაწყების მოტივთან დაკავშირებით ძალიან ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია, გამოძიების დაწყების საფუძვლი. ეს არის წერილი, რომელიც თავდაცვის უწყებიდან გაიგზავნა. ის, რომ თავდაცვის უწყების ამჟამინდელი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის პრობლემის მოგვარების საკითხში ადრეც აქტიურად იყო ჩარეული, შარშანდელ ინტერვიუში დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირიონიც ადასტურებდა.
სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ცხადი გახდა, რომ ქართული მხარე მოლაპარაკების პროცესში უპირატესობის მოპოვებას, იმ რუკის ხარჯზე აპირებდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოიტანეს.
ამ ძალიან მგრძნობიარე თემის ირგვლივ აღძრული საჯარო ინტერესის მიუხედავად, პროკურატურა კონსპირაციულ რეჟიმში მუშაობას ამჯობინებს, შესაბამისად მედიასაც და პოლიტიკოსებსაც არა საქმის არსში წვდომის, არამედ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის საშუალება რჩებათ.
მიხეილ სააკაშვილი ზუსტად აღწერს სქემას, რომლის მიხედვითად "ოცნების" მთავრობა მის მიმართ, მორიგი, მისი აზრით, აბსურდული ბრალდებას წამოყენებას გეგმავს.
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი ზაურ ხალილოვი, პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაში, ხედავს საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას საბოლოოდ წერტილი დაუსვას.
საქართველო-აზერბაიჯანის სალიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის პირველი სხდომა 1996 წლის 13 ივნისს შედგა და იმავე დღეს გადაწყდა, რომ მეგობარ სახელმწიფოებს შორის ახალი საზღვრის დადგენის პროცესში 1938 წელს შექმნილი რუკით იხელმძღვანელებდნენ. ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი, რომელიც კომისიის შექმნიდან დღემდე მათი მუდმივი კონსულტანტია, ამ გადაწყვეტილების მიზეზებს გვიხსნის.
აქედან გამომდინარე საჭირო გახდა რუკების ხელახლა შედგენა. ამ პროცესს ორი წელი დასჭირდა.
1996 წელს შექმნილი კომისია თავდაპირველად 200 000 -იანი მასშტაბის რუკით მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით მათ გამოითხოვეს უფრო დეტალური, მსხვილმასშტანიანი 50 000- იანი რუკაც, რომელიც იმავე 1938 წელს იყო შედგენილი.
ბუნებრივია, როგორც საქართველოს ასევე აზერბაიჯანს გასული საუკუნის ოციან წლებში, ანუ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე და სსრკ-ში გაწევრიანებამდე, ექნებოდათ ისეთი რუკა, რომელიც მათ ტერიტორიებს უფრო მასშტაბურს წარმოაჩენდა, თუმცა დღეს როცა ორივე ქვეყნის მიერ 1938 წლის რუკაა პარაფირებული სხვა რუკების ძებნა და მათზე დაყრდნობით კომისიის წევრების რამეში დადანაშაულება, სპეციალისტებს, სრულ აბსურდად მიაჩნიათ.
ამ ისტორიაში მთავარი აბსურდი მაინც პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის აღძვრასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან თავად ამ კომისიის არსებობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლების ოპონენტებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამ გზაზე ქვეყნის ინტერესების დაზიანებას სულაც არ ერიდება.