"ფორმულამ" "ქართული ოცნების" 2021 წლის პოლიტსაბჭოს ჩატიდან ჩანაწერები მოიპოვა. ხსენებულ ჩატში მიმოწერა მაშინდელ პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას, თეა წულუკიანს, სოზარ სუბარსა და სხვებს შორის მიმდინარეობდა. მასალა 2021 წლის 17 თებერვლის ღამით იწყება და 18 თებერვლის დილის განმავლობაში მიმდინარეობს - გიორგი გახარიას გადადგომამდე.
გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, 17 თებერვალს, 23:59 წუთზე გახარია ჩატში ხსნის, თუ რატომაა დაუშვებელი ნიკა მელიას დაუყოვნებლივ დაკავება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.
"ვთვლი, რომ უნდა გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ დაუშვებელია მისი დაკავება დაუყოვნებლივ ენმ-ის ოფისში. როგორც ხედავთ დრეს იქ იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ფიზიკური და ოპოზიციური მედია რესურსი...
ამ პირობებში ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკის მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს. დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოჰყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია. ვთვლი, რომ ამ ვითარებაში, მაღალია იმის ალბათობაც, რომ მელიას დაკავების ოპერაცია წარუმატებელი იქნება და შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი შენობიდან გამოყვანა, იქ მყოფების დაზიანების გარეშე. დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც ოპოზიციას დღეს უბრალოდ არ გააჩნია. ამავე დროს, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა მელიას დაკავება მოხდეს დღეს ან თუნდაც ხვალ. ვფიქრობ, რომ ყველას გმართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონივრულობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს გააზრებულად, რისკების სწორი მართვით და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დაცვით. ამ პოზიციას გამოვხატავ როგორც პრემიერმინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის შსს-ს ქმედებებზე. შესაბამისად, დაკავება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რისკები იქნება სწორად გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი", - წერს გახარია 2021 წლის ჩატში.
სქრინების მიხედვით, პირველი, ვინც გახარიას პოზიციას ეთანხმება, თეა წულუკიანია.
"ეგდოს სოროში, სანამ არ მოსწყინდება. ერთადერთი რაც საჭიროა, არის სწორი კომუნიკაცია. აბუჩად არიან ასაგდები. სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევჭრათ, მათაც ეს უნდათ", - უპასუხა წულუკიანმა გახარიას.
მაშინდელი პრემიერის პოზიციას ასევე იზიარებენ - მაკა ბოჭორიშვილი, სოზარ სუბარი, ნიკოლოზ სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე, ვანო მაჭავარიანი.
"ბატონი ბიძინას გარეშე ჩვენი ავტორიტეტი ერთიანობაში და ძალისხმევის გაერთიანებაში მდგომარეობს. ამაზე თუ არ ვიზრუნებთ გადაუდებლად, სერიოზული პრობლემები გველის", - დაწერა გია ვოლსკიმ.
მოგვიანებით, გახარიამ ასევე დაწერა, რომ კონსენსუსის არარსებობის გამო, პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვდა.
"ვინაიდან გუნდში არ არის კონსენსუსი ჩემს გუშინდელ პოზიციასთან დაკავშირებით და გუნდის ნაწილი თვლის, რომ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი დაკავება პარტიის ოფისში, უნდა გთხოვოთ მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო. დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას და გაგაცნობთ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - დაწერა გახარიამ მაშინ ჩატში.
უკვე 11:00 საათზე გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და ის ჩატშიც აღარ იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გიორგი გახარია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა და ნიკა მელიას დაკავებასა და მისი გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. მან გაიხსენა დეტალები, თუ რატომ გადაწყვიტა პრემიერმინისტრობიდან გადადგომა და აღნიშნა, რომ ეს უკავშირდებოდა არა იმას, რომ მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, არამედ იმას, რომ პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. როგორც სხდომაზე გახარიამ აღნიშნა, თავიდან პოლიტსაბჭოსა და მთავრობის წევრები იზიარებდნენ აზრს, რომ მელიას იმ ფორმით დაკავება არასწორი იყო, მათ შორის იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა "უჩინარი კაცი", რომელმაც "ოცნების" წევრებს პოზიცია შეაცვლევინა.
ამავე თემაზე: