უკრაინის ცნობით, პუტინის "სააღდგომო ზავის" პერიოდში, რუსული ჭურვებისა და დრონების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 20 აპრილის 12 საათის მდგომარეობით, რუსული ჭურვებისა და ოკუპანტის მიერ კამიკაძე დრონების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი მთავარსარდალ სირსკის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. რუსული არმია დღეს დილით ყველაზე აქტიურ მოქმედებებს პოკროვსკისა და სევერსკის მიმართულებით ატარებს. 

"00:00 საათიდან 12:00 საათამდე რუსეთის 26 თავდასხმის ოპერაცია განხორციელდა.

ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ მთელი აღდგომის განმავლობაში სრული დუმილის შესახებ საკუთარი დაპირების ყველა დარღვევას და მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. სინამდვილეში, ან პუტინი სრულად არ აკონტროლებს თავის არმიას, ან სიტუაცია ადასტურებს, რომ რუსეთში მათ არ აქვთ ომის დასრულების რეალური სურვილი და მათ მხოლოდ მედიაში მომგებიანი პიარი სჭირდებათ. კარგია, რომ საჰაერო თავდასხმები არ ყოფილა." აღნიშნავს ზელენსკი

რუსეთი კი ზავის დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 444-ჯერ ცეცხლი გაუხსნეს და 900 უპილოტო საფრენი აპარატიდან მიიტანეს იერიში“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს რუსი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმა სუხაია ბალკასა და ბოგატირის დასახლებების რაიონებში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. მათივე მტკიცებით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულებიც. 

რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ "რუსი სამხედროები მკაცრად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“.

შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი