რა ხდება ვატიკანში პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ და როგორ ირჩევენ ახალ პაპს

გამოქვეყნდა:

დღეს, 88 წლის ასაკში რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.

ფრანცისკე პირველი (საერო ცხოვრებაში ხორხე მარიო ბერგოლიო) თავის რეზიდენციაში, ვატიკანში - ლასა-სანტა-მარტაში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ინსულტი ყოფილიყო, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.

დაკრძალვა

პაპის დაკრძალვა, როგორც წესი, მისი გარდაცვალებიდან 9 დღის შემდეგ ხდება. მთელი ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში პანაშვიდი ტარდება. ტრადიციულად, პაპის დაკრძალვა რთული პროცედურაა. თუმცა, გასული წლის აპრილში, პაპმა ფრანცისკემ ცერემონია გაამარტივა, რადგან ვატიკანში მანამდე მოქმედი რიტუალები ზედმეტად პომპეზურად მიაჩნდა.

ცვლილებებმა გავლენა მოახდინა როგორც თავად ცერემონიაზე, ასევე დაკრძალვის ადგილზე. წინა პონტიფიკეები დაკრძალულნი იყვნენ კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან დამზადებულ სამ ჩადგმულ სასახლეში. თუმცა, პაპმა ფრანცისკემ თუთიით დაფარული მარტივი ხის სასახლე აარჩია. 

მან ასევე გააუქმა ტრადიცია, რომლის თანახმადაც გარდაცვლილი პაპის ცხედარს სასახლიდან აღარ ამოიღებენ, რათა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მორწმუნეების წინაშე დაასვენონ. სანაცვლოდ, მორწმუნეები შეძლებენ პატივი მიაგონ ფრანცისკეს ისე, რომ რომის პაპი სასახლეშივე იქნება დასვენებული. სასახლის ოფიციალური დალუქვა არ მოხდება, რადგან პაპი ფრანსისკეს ბრძანებით, რიტუალი ჩვეულებრივი ქრისტიანის დაკრძალვას უნდა ჰგავდეს.

ფრანცისკე ასევე გახდება პირველი პაპი - საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. ის დაკრძალული იქნება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, რომელიც რომის ოთხი მთავარი პაპის ბაზილიკიდან ერთ-ერთია. ჩვეულებრივი ბაზილიკებისგან მათ ის განასხვავებს, რომ ისინი პირდაპირ პაპს ექვემდებარებიან.

ვინ ირჩევს ახალ პაპს?

ახალი პაპი უნდა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებისგანაც შედგება კარდინალების კოლეგია. მათ უშუალოდ პაპი ნიშნავს და, როგორც წესი, ეპისკოპოსებად აკურთხებენ. გარდა ამისა, ყველა კარდინალი კაცია.

ახალი პაპისთვის ხმის მიცემა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინ ჯერ 80 წლის არ გამხდარა. ამჟამად კოლეგიაში 252 კათოლიკე კარდინალია, რომელთაგან 135-ს ხმის მიცემის უფლება აქვს. შესაძლოა, სხვებმაც მიიღონ მონაწილეობა დებატებში იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიკავოს ახალი პაპის ადგილი.

როგორ ხდება ახალი პაპის არჩევა და რა არის კონკლავი?

როდესაც პაპი გარდაიცვლება (ან გადადგება, როგორც ეს 2013 წელს პაპ ბენედიქტ XVI-ს შემთხვევაში მოხდა), კარდინალები ვატიკანში იკრიბებიან, რის შემდეგაც იმართება კონკლავი- ე.წ. არჩევნები. პაპის გარდაცვალებასა და მისი მემკვიდრის არჩევას შორის პერიოდში ეკლესიას კარდინალების კოლეგია მართავს და წმინდა საყდარი ვაკანტურად მიიჩნევა.

არჩევნები მკაცრი საიდუმლოებით, სიქსტეს კაპელაში იმართება, რომელიც მიქელანჯელოს ნახატებით არის ცნობილი. თითოეული კარდინალი ხმას აძლევს სასურველ კანდიდატს გამარჯვებულის გამოვლენამდე, რაც შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. წინა საუკუნეებში ხმის მიცემა შეიძლებოდა კვირები ან თვეებიც კი გაგრძელებულიყო. კონკლავის ჩატარება ფრანცისკეს გარდაცვალებიდან 15-20 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.

ხმის მიცემის პროცესის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც სიქსტეს კაპელის ზემოთ მდებარე ბუხრიდან ხმის მიცემისა და ბიულეტენის დაწვის შემდეგ გამოდის. თუ კვამლი შავია, ეს ნიშნავს, რომ კონკლავმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლო და კენჭისყრა გრძელდება. თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოდის, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.

 

როგორ ხდება ახალი პაპის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება?

თეთრი კვამლის გამოჩენიდან 1 საათის განმავლობაში, ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებთან, აივანზე გამოდის. კონკლავში მონაწილე უფროსი კარდინალი გადაწყვეტილებას სიტყვებით "Habemus Papam" აცხადებს, რაც ლათინურად ნიშნავს - "ჩვენ გვყავს მამა". შემდეგ ის ასახელებს ახალი პაპის სახელს, რომელიც მან თავისი პონტიფიკატისთვის აირჩია - ეს შეიძლება იყოს მისი ნამდვილი სახელი ან ახალი.

ვის შეუძლია გახდეს პაპი?

თეორიულად, პაპობის კანდიდატად შეიძლება ნებისმიერი მონათლული კათოლიკე კაცი განიხილებოდეს. ყველაზე ხშირად, კარდინალები ევროპელებს ირჩევენ - განსაკუთრებით კი იტალიელებს. დღემდე არჩეული 266 პაპიდან 217 იტალიიდან იყო.

 

მასალა მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი