თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.
საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იხილავს. მან ერთ-ერთ პატიმარს, ინსაფ ალიევს სახელმწიფოს არჩეული ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა. ალიევს კერძო ადვოკატი ჰყავს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აცილებაზე არ დააკმაყოფილა. ამიტომ სხდომაზე უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რაც მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატებმა შესავალ სიტყვაში განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების "დანაშაული", რასაც პროკურატურა ედავება მტკიცებულებებით არ დასტურდება. ყველა მათგანის თქმით, სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - გამამართლებელი განაჩენი.
მოსამართლეს მიმართა ზვიად ცეცხლაძემაც: "თუ ჯგუფურ ძალადობას გვედავებიან, რაღაც სახის მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს, რომ ერთ კონკრეტულ ადგილას, ერთ კონკრეტულ დროს პირები ერთად მაინც იყვნენ?" - აღნიშნა მან.
მომდევნო სასამართლო პროცესი 2 მაისს 11 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.