გდდ-ის სპეცრაზმელებს - თორნიკე გოგიძეს, ოთარ მარანელსა და გიორგი ხარაძეს, მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ - საუბარია გასული წლის დეკემბერში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
"მელაძის შაბათის" ცნობით, სათვალთვალო კამერების 9 წუთიან ჩანაწერში ჩანს 3 სპეცრაზმელი, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
ჭრილობები მიაყენეს მოკლული ბიჭის მამას, გელა ქავთარაძესაც. ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, რომლებიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ.
მოკლულის დედა სპეცრაზმელებს დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე გდდ-ის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ.
დანაშაულის ადგილიდან სასწრაფოს და პოლიციის მისვლამდე დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მისი მკვლელობის და კიდევ სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით, პოლიციამ მეორე დღეს გორში სპეცრაზმელის, თორნიკე გოგიძის ძმა, დავით გოგიძე დააკავა. 22 წლის გოგიძე ამ დრომდე ამ საქმის ერთადერთი ბრალდებულია.
მკვლელობა კი სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. საღამოს საათებში, მიშო ქავთარაძეს მისივე საცხოვრებელ კორპუსთან, სამ ახალგაზრდასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ჩხუბის ხმაზე ეზოში ჩავიდა ქავთარაძის მამა. დაპირისპირებულები გააშველეს და ქავთარაძეებმა ეზო დატოვეს, თუმცა რამდენიმე წუთში, ვიდეოსათვალთვალო კამერების მიხედვით, მამა-შვილი უკვე სახლში ასვლას აპირებდნენ, რა დროსაც კორპუსთან, ახალგაზრდების დაჯგუფება ჩნდება.
დანით შეიარაღებული დავით გოგიძე უკან სპეცრაზმელ ძმასთან, თორნიკე გოგიძესთან და მის მეგობრებთან, ასევე სპეცრაზმელებთან ერთად დაბრუნდა. დანა ჯერ გელა ქავთარაძეს, შემდეგ კი მამის დასახმარებლად მიბრუნებულ მიშოს დაარტყეს.
სპეცრაზმელმა თორნიკე გოგიძემ ჩვენებაში მის თვალწინ მომხდარი დაჭრის ფაქტი უარყო. შემთხვევის ადგილზე ყოფნა არ უარყვეს ოთო მარანელმა და გიორგი ხარაძემ, თუმცა ჩვენებაში ისინი ირწმუნებიან, რომ არც მკვლელობა და არც დაჭრა არ დაუნახავთ. გამოძიება ამ დრომდე ვერ პოულობს და არ დაუდგენია ვის ეკუთვნოდა დანაშაულის იარაღი - დანა. ბრალდებული გოგიძე ირწმუნება, რომ ის გადააგდო.
ოჯახის ცნობით, გამოძიება არ დაინტერესებულა, როგორ აღმოჩნდნენ სპეცრაზმელები დაპირისპირების ადგილას, სადაც მათი მისვლიდან რამდენიმე წუთში მკვლელობა მოხდა, სამი ადამიანი კი დაიჭრა. მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ დანაშაულის იარაღი მკვლელობაში ბრალდებულ გოგიძეს სწორედ სპეცრაზმელებმა მიუტანეს.
ბრალდებული კი ჩვენებაში ამბობს, რომ სპეცრაზმელ ძმას დასახმარებლად დაურეკა. ძმა ამბობს, რომ მისთვის არ დაურეკავს. სპეცრაზმელი ოთო მარანელი აცხადებს, რომ საქმის გასარჩევად დახმარება მას ბრალდებულმა სთხოვა.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.