სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ავადმყოფობის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ სერბეთის რადიო და ტელევიზია (RTS) იტყობინება.
1-ელ მაისს ვუჩიჩი ფლორიდაში ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდოლფ ჯულიანის შეხვდა. პრეზიდენტი "რესპუბლიკელებთან" კიდევ რამდენიმე შეხვედრას გეგმავდა, თუმცა მედიის ცნობით, ის ავად გახდა და ექიმების რჩევით სერბეთში დაბრუნდა. ასევე მედიის ცნობით, 3 მაისს, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული ვუჩიჩი ბელგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, ჩავა თუ არა ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვუჩიჩმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ძლიერი ტკივილები გულმკერდის არეში იგრძნო. მისი კარდიოლოგის თქმით, პრეზიდენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის უახლოეს დღეებში დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას.
ამავდროულად, ბოლო დღეებში გეგმები გააუქმა სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომაც. როგორც მედია წერს, მან მონაწილეობა არ მიიღო 1-ელ მაისს, შრომის დღესთან დაკავშირებით სლოვაკეთში გამართულ ღონისძიებებში. ფიცოს პარტია ირწმუნება, რომ სლოვაკეთის პრემიერი „ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელია“, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა ივარაუდა, რომ ახლოვდება 15 მაისი, თავდასხმის დღის ერთი წლისთავი და შესაძლოა პრემიერისთვის ეს მძიმე ემოციური პერიოდი იყოს. თუმცა, პარლამენტის წევრმა ისიც განაცხადა, რომ ფიცოს მოსკოვში ვიზიტი 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე, კვლავ ძალაშია.
9 მაისის "სამხედრო აღლუმზე" დამსწრე ლიდერების სიაში, რომელიც კრემლმა 28 აპრილს გამოაქვეყნა, არიან სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცოც და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც.