უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, გამოცემა The War Zone-ს განუცხადა, რომ უკრაინულმა საზღვაო დრონებმა შავ ზღვაში, ამერიკული AIM-9 Sidewinder ტიპის საჰაერო რაკეტების გამოყენებით, ორი რუსული Су-30 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინამ საზღვაო დრონით, ერთი ერთეული რუსეთის $50 მილიონიანი საბრძოლო თვითმფრინავი Су-30 გაანადგურა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, განადგურებულია ორი Су-30.
ბუდანოვმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მტრის თვითმფრინავებზე დასარტყმელად გამოყენებული იყო AIM-9 რაკეტებით აღჭურვილი „Magura-7“ ტიპის საზღვაო დრონები.
„ეს ისტორიული მომენტია. ჩვენ „Magura-7“-ზე [დრონებზე] რამდენიმე მოდელს [რაკეტების] ვიყენებთ, მაგრამ AIM-9-ები საუკეთესო შედეგებს იძლევა“ - თქვა ბუდანოვმა.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თქმით, პირველი თვითმფრინავის ეკიპაჟი გადაარჩინეს და შავი ზღვიდან სამოქალაქო გემზე გადაიყვანეს. მეორე რუსული თვითმფრინავის პილოტები კი, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპნენ.