ინდოეთმა სამოქალაქო ტერიტორიას ესროლა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, 12 კი დაშავდა... მათ დარტყმებს ამ წუთებში ვპასუხობთ - პაკისტანის სამხედრო ძალების მტკიცებით, ინდოეთის მიერ მათი მიმართულებით ნასროლი რაკეტები სამოქალაქო ტერიტორიას მოხვდა და მცდარია მათი განცხადება, თითქოს მათი სამიზნე ტერორისტული ინფრასტრუქტურა იყო.
უწყების სპიკერს, აჰმედ შარიფ ჩოდრის საგანგებო ბრიფინგზე საპასუხო დარტყმების შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა და სამ სხვადასხვა ადგილას დაარტყა. ინდოეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ პაკისტანში მდებარე ცხრა ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.
თავდასხმის შემდეგ პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისლამაბადი „ამ თავდასხმაზე რეაგირებას მოახდენს მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას“.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი: "ეს სირცხვილია, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება".
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მკვეთრად მას შემდეგ გაუარესდა, რაც გასულ თვეს, ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა.