შერემეტიევოს აეროპორტში ისევ რიგებია. მგზავრები რეისებს ელოდებიან რომლებიც უკრაინული დრონების მოსკოვზე მასირებული შეტევის გამო უკვე მეორე დღეა ვერ სრულდება.
ავიაკომპანია "აეროფლოტი" აცხადებს, რომ " ყველა საჭირო ზომას იღებენ გრაფიკის სტაბილიზაციისთვის". ისინი მგზავრებს ურჩევენ, აკონტროლონ ინფორმაცია აეროფლოტის ვებსაიტზე და აეროპორტის საინფორმაციო დაფებზე.
"შესაძლებელია ზოგიერთი რეისის იძულებითი გაუქმება ან გაერთიანება. გაუქმებული რეისების მგზავრებს შესთავაზებენ სხვა რეისებზე ბილეთების ხელახლა დაჯავშნის შესაძლებლობას, თუ ადგილები თავისუფალია ან ბილეთების ღირებულების სრულ ანაზღაურებას." აცხადებს რუსული ავიაკომპანია.
ნიჟნი ნოვგოროდიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში დაგეგმილი პირველი რეისი, რომელიც ჯერ გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა.
შეგახსენებთ, რუსეთის რამდენიმე რეგიონში და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში უკრაინული დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმების ფონზე, ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა. ავიაკომპანიებმა ათობით რეისის გაუქმების, დაგვიანებისა და გადამისამართების შესახებ განაცხადეს, მგზავრები საათობით ელოდებიან გამგზავრებას.