დემოკრატიის ალიანსის ფონდმა "დემოკრატიის აღქმის ინდექსის" შესახებ ახალი ანგარიში მოამზადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 86% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა მათთვის "ძალიან" ან "უაღრესად მნიშვნელოვანია".
აღსანიშნავია, რომ საკითხზე ასეთი მაღალი პოზიცია 5 ქვეყნის მოსახლეობამ - საბერძნეთი, თურქეთი, ურუგვაი და უნგრეთი - დააფიქსირა, მათ შორის საქართველოცაა. ანგარის მიხედვით, დემოკრატიის მნიშვნელობაზე დაბალი წარმოდგენა ასევე 5 ქვეყანას აქვს - პარაგვაი, იაპონია, ბელარუსი, მოზამბიკი და იამაიკა.
კვლევიდან ასევე ირკვევა: ქართველი რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დემოკრატიული მმართველობის დანიშნულება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და კეთილდღეობის მიღწევაა - ასეთი პასუხით საქართველო ქვეყნების ყველაზე დიდ ჯგუფში მოხდა, რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას დიდად არ აშფოთებს სხვა ქვეყნის მიერ თავდასხმის შესაძლებლობა, თუმცა შეშფოთების ყველაზე მაღალი დონე კონცენტრირებულია უკრაინაში, საქართველოში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ასევე ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ აზიისა და აფრიკის ნაწილებში. ამის საპირისპიროდ, შეშფოთება შესამჩნევად დაბალია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია.
ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოში 18-55 წლის მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს.
კვლევის ფარგლებში ასევე დაინტერესდნენ იმით თუ რა შეხედულება აქვს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას თავდაცვის ხარჯებზე - ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, პოლონეთი, ნორვეგია, საქართველო, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი, დიდი უმრავლესობა მხარს უჭერდა თავდაცვის ხარჯების ზრდას, მაშინაც კი, თუ ეს გადასახადების ზრდას ან სხვა სფეროებში ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. ამის საპირისპიროდ, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ავსტრიასა და ბელგიაში უმრავლესობა თავდაცვის ხარჯების ზრდას ეწინააღმდეგებოდა.
კვლევა ორგანიზაცია Nira Data-მ 100 ქვეყანაში ჩაატარა. მოსახლეობის გამოკითხვა 9 აპრილიდან 23 აპრილამდე პერიოდში მოხდა. ცდომილების საშუალო ზღვარი არის (+/-) 4.6%.
*დემოკრატიების ალიანსის ფონდი NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული.