
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 6 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 3 აჭარაში მკურნალობდა. მე-4 ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
გარდაცვლილთაგან 3 აჭარაში მკურნალობდა. მათგან ერთ-ერთი 68 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე მძიმე იყო, ჰქონდა თანმხლები დაავადებები. მეორე არის 64 წლის ქალი, მასაც თანხმლები დაავადებები აწუხებდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, გარდაცვლილი 84 წლის კაცია. ინფიცირებულს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, - ამბობს ენდელაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 348 პაციენტი კვლავ აჭარიდანაა.