COVID–19 ის ვაქცინა საქართველომ, შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე ვერ მიიღოს

გამოქვეყნდა:

ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ნავარაუდებია, რომ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს, რაც 2025 წლის ჩათვლით, არსებულთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ შეფერხებებს გამოიწვევს. 

ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში  მთავრობა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებას მოელის.

"პანდემიასთან დაკავშირებით საბაზისო მოლოდინი შეადგენს ვაქცინის გამოგონებას 2021 წლის პირველ კვარტალში, ხოლო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საკითხის დასრულებას საქართველოს მოსახლეობისათვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, 2021 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა შეიძლება უფრო ნეგატიურად განვითარდეს. ნეგატიური სცენარი ითვალისწინებს ვაქცინის ვერ მიღებას 2022 წლის მეორე ნახევრამდე. შესაბამისად, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 2025 წლამდე, იქნება დამატებითი ტალღები და ეკონომიკური შეფერხებები." - ვკითხულობთ ბიუჯეტის შესახებ დოკუმენტში.

იმის გასარკვევად, თუ რომელ  ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან აქვს საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები და როგორ ცდილობს ვაქცინის მიღების დაჩქარებას, „მთავარი არხი“ დაუკავშირდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც ზეპირსიტყვიერად პასუხი არ გაგვცეს და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა გვირჩიეს; ჩვენ ასეც მოვიქეცით. შესაბამისად, კანონის გათვალისწინებული ვადების თანახმად, სამინისტროს პასუხს 20 ოქტომბრისთვის ველოდებით.

იქამდე კი, "მთავარი" ჯანდაცვის ექსპერტებს დაუკავშირდა.

სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გათვლა მარტო ვაქცინაზე არ უნდა გააკეთოს, არამედ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე, კადრების მომზადებასა და დროულ დიაგნოსტირებაზე.

„იმისათვის, რომ ვაქცინამ ძალიან არ დაიგვიანოს, როგორც ეს ტესტების შემთხვევაში მოხდა, საქმის კურსში უნდა ვიყოთ, რა მიღწევები და რამდენად რეალისტური პროგნოზები აქვთ კომპანიებს, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობენ. დღე და ღამე უნდა ვმუშაობდეთ, რომ ამ კომპანიებთან მოლაპარაკებები, კონსულტაციები გვქონდეს და ვაქცინა ჩვენ გვერგოს.
რადგან ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა 2021 წლისთვის, პროგნოზირება და ამის მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავება არასწორია, -  თქვა ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ, მთავართან საუბრისას


ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პანდემიის მართვას ვერ გაუმკლავდება.

„რამდენად შეძლებს "ქართული ოცნების" პირობებში ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დარეზერვებას, რომ ჩვენც დროულად მოგვიწიოს, ყოველშემთხვევაში, რისკ-ჯგუფებს დროულად მოუწიოთ ვაქცინა?! - ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ. 
როდესაც ჯერ კიდევ აპრილში, ფეისბუქზე დავწერე, რომ 3 მილიონი გრიპის ვაქცინა ახლავე დაარეზერვეთ შემოდგომისთვის-მეთქი, სულ შემოიტანეს 130,000 სეზონური გრიპის ვაქცინა. ეს ნათელი მაგალითა, იმ ეფექტიანობისა, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს და თუ ეგენი დარჩნენ ამ არჩევნების შემდეგ, ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდებენ ეპიდსიტუაციის მართვასთან და ვაქცინასთან დაკავშირებით" - 
ამბობს "მთავართან" საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონებული არ არის და მხოლოდ 100 შესაძლო კანდიდატი, პოტენციური ვაქცინა არსებობს. ის, ვინც ვაქცინის გამოგონებას იბრალებს, რუსეთი და ჩინეთია, რაზეც, შეგახსენებთ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, რუსეთსა და ჩინეთში შექმნილი ანტიკორონა ვაქცინები არაეფექტურია.  

აქვე, „ნიუ-ორკ ტაიმსის“ ცნობით, ამ დროისთვის მკვლევრები 44 ვაქცინას ტესტავენ ადამიანებზე და 92 ვაქცინას ცხოველებზე. მეცნიერები უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გამოგონების იმედს მომავალი წლის გაზაფხულისთვის იძლევიან.

საქართველოში კი, 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვაქცინის ვერ მიღება, გარდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, ბიუჯეტის პროექტის თანახმადვე, ეკონომიკასაც აზარალებს.  COVID-19-ის ვირუსის პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სექტორი ტურიზმი 100%-ით დააზარალა, გამოიწვია ექსპორტისა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინების შეჩერება, გაიზარდა საგარეო ვალიც, ასევე, galtandtaggart-ის კვლევის თანახმად, COVID-19-ს ნეგატიური გავლენა ექნება უძრავ ქონებაზე, სამშენებლო სექტორსა და უცხოურ გაყიდვებზე.

ეკონომისტები COVID-19-ს უკავშირებენ ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებასაც, რაც ინფლაციას - ფასების ზრდას გამოიწვევს და დოლარზე მკვეთრად დამოკიდებულ საქართველოს ეკონომიკას ძლიერ დააზარალებს.

 

ავტორი: მარიტა ნარსია 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი