ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას, ხაშურისა და ქარელის ოლქში საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
ნატო ჩხეიძის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მოსახლეობას მედიკამენტების იაფად და რეალურ ფასად ყიდვის შესაძლებლობა ექნება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში განათლების სფეროც შედის. გამარჯვების შემთხვევაში ნატო ჩხეიძე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სპეციალურ 2000 და 4500 ლარიან ვაუჩერებს გადასცემს. მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ოჯახებს უსაფრთხო და მყარ ეკონომიკურ ცხოვრებას შეჰპირდა.
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი დღევანდელი საქართველოს ნომერ 1 პრობლემად ოკუპაციას ასახელებს და აცხადებს, რომ აქ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდება. ნატო ჩხეიძემ გაიხსენა მამის, დიდი მწერლის სიტყვები და ახსნა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის 1 გოჯი მიწა.
საარჩევნო პროგრამის წარდგენას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც ესწრებოდნენ. გიორგი ვაშაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქვეყნის მაშტაბით მხარი მათ კანდიდატებს დაუჭირონ.
არჩევნებამდე ზუსტად 23 დღე რჩება, ამომრჩეველთან შეხვედრას და საარჩევნო პროგრამის გაცნობას კი ნატო ჩხეიძე ყოველდღე აგრძელებს. მთავარი პრობლემა კვლავ ოკუპაცია და ამ პრობლემის მოგვარებაა.