"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბიშვილმა, დღეს, 9 ოქტომბერს, საჯარო მოხელესა და "ქართული ოცნების" აგიტატორს შორის არსებული ჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვით, სამგორში საჯარო მოხელეებს "ამუშავებენ", რომ არჩევნებში მხარი მმართველ გუნდს დაუჭირონ.
ხაბეიშვილი მოითხოვს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლევან სოხაძის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
ქართული ოცნება არჩევნებს აგებს, ჩანაწერი, რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ, ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, პირველი, ქართული ოცნების სამგორის რაიონის შტაბის წარმომადგენელი ქალბატონი ყვება, რომ "ქართულმა ოცნებამ", პირველი კარდაკარის შემდეგ, ნახა, რომ არჩევნებს აგებენ, ამის შემდეგ, სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბიდან მიიღეს დავალება, რომ მიიტანონ სიები, სადაც კონკრეტული ადამიანები იქნებიან აღნიშნული სამსახურების მიხედვით, ანუ ვინ მუშაობს საჯარო სამსახურში იმისთვის, რომ იქ ეს ადამიანი დაშინონ, დააშანტაჟონ და ხმა მიაცემინონ ქართული ოცნებისთვის, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა საგამომძიებლო უწყებას მოუწოდა, რომ გასაჯაროებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყონ. მისი თქმით, მზად არიან კონკრეტული პირები დაასახელონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
ჩანაწერში, რომელშიც საჯარო მოხელე და ოცნების აგიტატორი ფიგურირებს, ეს უკანასკნელი შემდეგს ამბობს:
თუ ვინმე მცნობს მეუბნება თუ ვის აძლევს ხმას, თუ არა, მეუბნება რო არ გადაუწყვიტავს. მე თოფით მადგანან, რომ უნდა ამოვიღო ხმა, აგრესიულად არავინ, მაგრამ ეგ ჩვენ ვიცით ვის მივცემთ ხმას - და ასეთი პასუხები რომ მიმაქვს, მეუბნებიან არა - წინასწარ უნდა ამოქაჩო.
წინაზე რომ დათვალეს, ვერ იგებდნენ, ძალიან ცუდი სიტუაცია ჰქონდათ, მერე ამოქექეს სამთავრობო სამსახურებში ვინც მუშაობს, რომ თუ კიდე რაღაც სხვა პარტიის ხმა მივა, მივიდნენ სამსახურში და დაამუშაონ, - ამბობს აგიტატორი.