ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ახალ წერილს აფასებს და ამბობს, რომ ამით ის უბრალოდ ამომრჩევლების გამხნევებას ცდილობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, ამბობს, რომ სხვაგვარად ის მოსახლეობას ვერ ელაპარაკება, რადგან უამრავი შეუსრულებელი დაპირება აქვს.
წინასწარ რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება 2 მიზანს, პირველი, რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ქართული ოცნების წევრები. მეორე იმიტომ, რომ თამარ ჟვანიას მეთაურობით აპირებენ ამ არჩევნების გაყალბებას, იმიტომ, რომ ქართული ოცნება პატიოსან არჩევნებში ვერანაირად ვერ მოიგებს, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ივანიშვილი "სწორად დარდობს", რადგან ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს.
კიდევ ერთი მაგალითი, ამ უტიფარი, თვითკმაყოფილი, ივანიშვილის მხრიდან. ხალხისთვის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის და უბრალოდ მათ ოპონენტების ნაწილი ვერ აფასებს. არაფრის შეცვლას ეს კაცი არ აპირებს, - ამბობს გიგა ბოკერია.
პარტია "სამართლიანობისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა ბესელია, ივანიშვილს ურჩევს, რომ კობახიძის და მის გარემოცვას ნუ დაეყრდნობა.
ასეთი ციფრები ბევრჯერ მოუსმენია და არაერთხელ ნახა რამდენად მცდარი იყო. მგონია, რომ ან შეგნებულად იმყოფება, ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში, ან არჩევნების წინ ამომრჩეველს ამხნევებს, - თქვა ეკა ბესელიამ.
"ქართული ოცნება" ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კარგი შესაძლებლობა აქვთ პირველივე ტურში ყველა ოლქში მოიგონ.