ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძეს თქმით, კარტოგრაფებს არ შეეძლოთ კომისიის წევრებზე რაიმე ზეგავლენა მოხედინათ და ისინი არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობდნენ. მელაშვილის მეუღლე გამოეხმაურა დავითგარეჯში მცხოვრებ მამა კირიონს და თქვა, რომ მან რუკა ივერი მელაშვილს არ აჩვენა და თქვა, რომ საქმეს მაღალჩინოსნებს გააცნობდა.
ივერიმ მითხრა, როდესაც მან [მამა კირიონი] რომ რაღაც მასალები, რუკები არისო, რომელიც ჩვენ სასარგებლოდააო, ვიფიქრე ალბათ პატრიოტი ადამიანია და საქართველოსთვის კარგი უნდაო, ვუთხარი თუ რაიმე გაქვთ ისეთი, განვიხილოთო, მამა კირიონმა თქვა, რომ არა, მე ამას ზემდგომ ორგანოებში წავიღებო. მაშინვე ეჭვი შემეპარა, რომ ამ ადამიანს არა საქრთველოზე ზრუნვა, არამედ სხვა მიზნები ამოძრავებდაო - თქვა თამარ სულაძემ.
სულაძის თქმით, სასულიერო პირებს პატივს სცემს, თუმცა მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც გავლენის ქვეშ არიან და რაღაცის სანაცვლოდ "სულს ყიდიან".
კარტოგრაფების საქმეში, მამა კირიონის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე ახალი ფიგურანტი გამოიკვეთა. მათ შორის არიან, ირაკლი ღარიბაშვილი და მინდია ჯანელიძე. თამარ სულაძე ამბობს, რომ საქმე მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულია.
მეორე პარტიის გალანძღვის მიზნით წამოწიეს ეს, მაგრამ ესენი, რომლებიც არცერთ პარტიას არ ეკუთვნიან და პოლიტიკაში საერთოდ არ ერთვებოდნენ, გაიჭყლიტნენ ამაში, გადაუარეს ამათ, იმიტომ, რომ ამათ გარეშე ვერ გავიდოდნენ ზემდგომ ხალხთან. თუ მთლად იქ მიდიან, კიევში რომ გვყავს იმას რას დააკლებენ აქედან, თუ მინისტრთან, ის ახლა პრეზიდენტია, იმასაც ვერაფერს დააკლებენ, - ამბობს თამარ სულაძე.
სულაცაძეს ეჭვი აქვს, რომ საქმე "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციისთვის წამოწიეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.