საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ფულის აღება ან რამე სხვა ბრალდება აბსურდულია - მშვენიერაძე გარეჯზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კარტოგრაფების საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებები ფულის აღებაზე, ან პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე აბსურდულია. მშვენიერაძის თქმით, კომისიის წევრების ნაწილი გამოძიებამ დაკითხა და აბსოლუტური უმრავლესობის ჩვენება, ბრალეულობის დასადგენად, მტკიცებულებად არ გამოდგება. ამ თემაზე მშვენიერაძემ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

მე მინდა მჯეროდეს, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც დღეს აღტკინებით ამტკიცებს, რომ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომლითაც ვიღაცამ ფული აიღო, ან ვიღაცას პოლიტიკურად ამისკენ უბიძგა ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი, ან არ უნდათ თვალი გაუსწორონ არსებულ რეალობას. სხვა განცხადების გაკეთების საშუალებას არ მაძლევს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელსაც გავასაჯაროვებთ, ისე, რომ მასში არსებული პირების პერსონალური ინფორმაცია იყოს დაცული და საზოგადოებას თავად ექნება შესაძლებლობა დასკვნა გამოიტანოს, - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

მისი თქმით, იმ ადამიანების სახელმწიფოს მტრებად გამოყვანა, რომლებიც წლების მანძილზე დემარკაციის საქმეზე საქართველოსთვის მუშაობდნენ, სამარცხვინო საქციელია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი