ქუთაის გაინათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეში ბრალეულობის საკითხი სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ. მისი თქმით, რადგან ბრალზე მამა კირიონმა ისაუბრა, ალბათ მან ეს საკითხი იცის.
ყველა საქმე თავის მცოდნე კაცმა, სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, მე ეს რუკები არ მინახავს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გარეჯი, უდაბნო მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ბერებმა ააშენეს, საუკუნეების მანძილზე, ეს ვიცი და დანარჩენი უკვე, ვიღაცამ რუკა არასწორად შეადგინა თუ შეეშალა, ეს სპეციალისტებმა გაარკვიონ, - თქვა მეუფე იოანემ.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა მამა გრიგოლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მხოლოდ იმ ბრალდების გამო არიან პასუხისგებაში მიცემული, რაც გაჟღერდა, გული დაწყდება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.