გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა სურს. თამარ სულაძე დარწმუნებულია, რომ პატრიარქი სხვა სასულიერო პირებისგან განსხვავებით, მელაშვილს დამნაშავედ არ თვლის:
ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და გვინდა პატრიარქთან შეხვედრა. მე გულით ვარ დარწმუნებული, რომ პატრიარქი არ ჩათვლის ჩემს მეუღლეს დამნაშავედ. პატრიარქი იცნობდა და იყო შეხვედრილი რამოდენიმეჯერ ჩემს მეუღლეს. ვიცი, რომ პატრიარქს აქვს ხედვა და ხედავს ყველაფერს, რაც სინამდვილეა. მე ასე მგონია, რომ პატრიარქი არ დაადანაშაულებს ჩემ მეუღლეს და სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნება, ვიდრე იმ ერთ-ორ ბერს თუ სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც, არ ვიცი, რის გამო და რის ფასად ასეთი რამ იკადრეს და ასე დაადანაშაულეს ჩემი მეუღლე - ამბობს თამარ სულაძე
ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლთან დღეს მისი მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. თამარ სულაძე ამბობს, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ უდანაშაულო ადამიანებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ გაათავისუფლებენ.
აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
მოსამართლემ ორივე მათგანი 8 ოქტომბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.