სიბინძურე, რომელიც არ ვიცი ვის ტვინში მოიხარშა, უფრო სწორად მე მგონი ვიცით - ასე აფასებს დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე, იმ ბრალს, რომელსაც პროკურატურა მის ქმარს ედავება.
თამარ სულაძე ამბობს, რომ დაპატიმრებას არც ერთი მათგანი არ ელოდა და ვარაუდობდნენ, რომ იმ დღეს, როდესაც მელაშვილი მორიგ დაკითხვაზე დაიბარეს, გამოძიება ისევ რუკებისა და შეთანხმებების გარჩევით იყო დაინტერესებული.
დაკავებას არ ველოდი იმიტომ რომ ადამიანი არაფერში არ იყო დამნაშავე და როდესაც გამოკითხვებზე მიდიოდა, ძირითადში იყო რუკების და შეთანხმებების ახსნა და ჩვენ გვეგონა, რომ იმ დღესაც რომ წავიდა მასალებზე იქნებოდა საუბარი. თურმე ამ დროს დასაკავებლად იყო გამოძახებული - იხსენებს თამარ სულაძე ნოკა გვარამიას გადაცემაში, "მთავარი აქცენტები".
თამარ სულაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს რუკების დამალვა, როცა სამუშაო დოკუმენტაციას მისი მეუღლე სამუშაო კაბინეტში ინახავდა და გამომძიებლებმა ეს თავადვე ნახეს მაშინ, როცა მათი სახლში გაჩხრიკეს:
რა შუაშია დამალვა? რა უნდა დაემალა, თავის სამუშაო რომ უწყვია? თუ დამალვა უნდა ადამიანს კაბინეტში დადებს თაროებზე? ეს ხომ აბსურდია - ამბობს სულაძე
ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მზად იყო გირაოს სანაცვლოდ ერთადერთი საცხოვრებელი ბინა ჩაედო, თუმცა მელაშვილმა კატეგორიული უარი თქვა:
ვცდილობდი დამერწმუნებინა, მაგრამ ასე თქვა რომ მე მართალი ვარ და ვიბრძოლებ აქედან ჩემი სიმართლისთვისო - ამბობს ივერი მელაშვილის მეუღლე ნიკა გვარამიას გადაცემაში საუბრისას.
თამარ სულაძე დანიაში, საქართველოს ელჩის განცხადებას, რომელმაც ივერი მელაშვილს დაკავების დღესვე გამოუცხადა მხარდაჭერა, ღირსეულს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი მოლოდინი მისი მეუღლის სხვა თანამშრომლებისგანაც ჰქონდა:
ბევრის დუმილი მიკვირს ვინც მეგონა რომ ხმას ამოიღებდა, იგივე თანამშრომლები, იგივე კომისიის წევრები. ალბათ ყველას ეშინია. ამათი დაკავებით მათ აჩვენეს ის, რომ თუ არ გაჩერდებით, თქვენც მოგათავსებთ იქ....რაღაც მაინც უნდა ეთქვათ. ჩემი მეუღლე ასეთ დროს აუცილებლად იტყოდა და დაუჭერდა მხარს...მაინც ვფიქრობ, იქნებ სამართალმა იზეიმოს, იქნებ შეიცვალოს რამე იქაც. იმიტომ რომ დოქსოპულოების ხელში ძნელია სამართლის მიღწევა" ამბობს თამარ სულაძე.
აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
მოსამართლემ ორივე მათგანი 8 ოქტომბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.