საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე, დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის დაპატიმრებას ეხმიანება. გიგიაძე Facebook-ზე წერს, რომ მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი, საქმის პროფესიონალი და სრულიად უდანაშაულო ადამიანია.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება, - ვკითხულობთ გიგი გიგიაძის პოსტში.
ელჩის განცხადებას, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ გიგი გიგიაძის ეს განცხადება არის "პატრიოტობა და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეობა!"
აქვე, ივერი მელაშვილის დაპატიმრებას ეხმიანებიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ "არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც". "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია კი დღეს, 19:00 საათზე მელაშვილის მხარდამჭერ აქციას აანონსებს პროკურატურასთან.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.