
გუშინ, 11 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილს პროვოკატორები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს. დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ყოფილი პრეზიდენტი კი დღეს Facebook-პოსტის საშუალებით მადლობას უხდის საბერძნეთის პოლიციას პროვოკაციის ჩახშობისა და ემიგრანტების დაცვისთვის:
მადლობას ვუხდით საბერძნეთის პოლიციას ჩვენს თანამემამულებთან შეხვედრისას მათი დაცვისთვის და პროვოკაციის აღმოსაფხვრელად პროფესიონალური, სწრაფი და შესაბამისი რეაქციისთვის, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე თავად გაავრცელა ინფორმაცია. მესამე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს დაწერა, რომ "ქართული ოცნება" საბერძნეთის დედაქალაქში პროვოკაციას გეგმავდა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამდა.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, შუშანაშვილმა ეს ბრალდება უარყო.