
ათენში ქართველ ემიგრანტს სასტიკად სცემეს. შემთხვევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. ვალერიან აფხაზავამ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ბიძნა ივანიშვილის წასვლის აუცილებლობაზე საუბრობდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მას სამი უცხო პირი სასტიკად გაუსწორდა. ვალერიან აფხაზავა ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. სახეზე მძიმე დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. დაზარალებულს ათენში შეხვედრის ორგანიზატორი ნათათო გიორგაძე ეხმარება. ვალერიანა აფხაზავას უკვე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილს პროვოკატორები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს. დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ვალერიან აფხაზავა.
ცნობისთვის, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე თავად გაავრცელა ინფორმაცია. მესამე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს დაწერა, რომ "ქართული ოცნება" საბერძნეთის დედაქალაქში პროვოკაციას გეგმავდა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამდა.