ოპოზიცია მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტები კონავირუსის გავრცელების ხელშეწყობასა და ვირუსისთვის დადგენილი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ "ოცნება" ოპოზიციის შეხვედრების ჩასაშლელად ვირუსით მანიპულირებას ცდილობს.
დღეს ვიხილეთ "ქართული ოცნების" შეშინებული წარმომადგენელი, რომელმაც დაინახა როგორი მუხტია ოპოზიციის მხარდამჭერებში. ახლა პანდემიას იყენებენ შეხვედრების დასაბრკოლებლად, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ამასთან, ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნების" მცდელობის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანია აუცილებლად გაგრძელდება და ქვეყანა "მეორე ვირუსსაც" დაამარცხებს:
არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე "ვირუსი", ანუ "ქართული ოცნება". კამპანია აუცილებლად გაგრძელდება და ვირუსს ამოფარებული მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ქვეყანას მოსცილდება - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე.
ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ