
არჩევნების წინ მომხდარი პიარ ამბავი, პიარ ბომბი - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ კარტოგრაფების საქმეს.
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დავითგარეჯი არის ის საკითხი, რომელზეც გული შესტკივა ყველას და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ ყველაფრით მარტივად სარგებლობს.
მისივე თქმით, ამ საქმიდან კიდევ ერთხელ იკვეთება ქართული ოცნების ხელწერა, რომელიც 8 წლის განმავლობაში მას არაერთხელ გამოუმჟღავნებია. მარგველაშვილს მაგალითად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე და ე.წ. ტრაქტორების საქმე მოჰყავს, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი დიდი კორუფციული სკანდალი იყო, ამისი შემდეგ კი უკვე - ე.წ. კაბელების საქმე და ირაკლი ალასანია.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ თუ მართლაც რეალურია ის, რასაც პროკურატურა დაკავებულ მეცნიერებს ედავება, პირველ რიგში ეს საკითხი სადემარკაციო კომისიისთვის უნა გაეცნოთ:
მართლა თუ არსებობს ასეთი რუკა, წარვადგინოთ კომისიაში, ადამიანების დაჭერით რატომ ვიწყებთ, მიიღოს ეს რუკა კომისიამ მხედველობაში , დაბრუნდეს გარეჯი და მერე დავიჭიროთ, თუ არსებობენ ასეთი შპიონები" - ამბობს მარგველაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეფასებით "ოცნების" ხელისუფლებამ კრეატივის ყველა რესურსი ამოწურა და ის ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლით არის დაკავებული, ასეთი ხელისუფლება კი მარგველაშვილის შეფასებით, უნდა წავიდეს:
ამ ხელისუფლება მოჭამა კარგა ხანია ნებისმიერი კრეატიული და მომავალზე ორიენტირებული რესურსი. ერთადერთი მუზა ამ ხელისუფლებისთვის, საიდანაც ენერგიას და წარმოსახვებს იღებენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილით ცხოვრობენ. ოცნებას სხვა მუზა არ გააჩნია" ამბობს გიორგი მარგველაშვილი "დღის სტუმარში"
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.